Posts Tagged ‘ინფო-თბილისი’

როგორ აღვნიშნეთ დაბადების დღე

როგორც წინა პოსტში ვწერდი, ხუთშაბათს ჩვენი სტუდიის დაბადების დღე იყო.
ამ დღისთვის მთელი სტუდია დიდხანს ვემზადებოდით. გვინდოდა კარგი გამოსულიყო, თავისი სტუმრებით, ტორტით და საჩუქრებით. რა შემიძლია ვთქვა? მხოლოდ ის რომ დაბადების დღე შედგა. თანაც ხუთიანზე. ყველაფერი ისეთი მაგარი იყო, არც ვიცი საიდან დავიწყო მოყოლა, ამიტომ ქრონოლოგიურად მივყვები.

როდესაც ადგილზე მივედი( საგამოფენო კომპლექსის მე-6 პავილიონში) ყველაფერი გამზადებული დამხვდა: კედლებზე ბავშვების ნახატები იყო გამოფენილი,  გაშლილი იყო დიდი სუფრა (ჩიტის რძე რომ არ აკლდა ისეთი), სახელდახელო “კულისებში” კი, თავის ჟამს ძალიან ლამაზი(და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ძალიან გემრიელი) ტორტი ელოდა.  სტუდიის თანამშრომლები, რომლებიც მთელი დღე მუშაობდნენ იმაზე, რომ სტუმრებს კარგად დახვედროდნენ, გალამაზებულები, ელოდნენ სტუმრების მოსვლას. მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც დაბადების დღეს შეეფერება. (დაა”წკაპ”ეთ ფოტოებს გასადიდებლად)

6 საათზე, დაცვამ დარბაზის კარგი გააღო სტუმრებისთვის, სცენაზე კი ბენდმა დაიწყო დაკვრა (არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ბენდი “ზარები” ძალიან კარგად უკრავდა). სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სტუდიის მეგობრებს ზალიკო ხვდებოდა, ესალმებოდა და მილოცვებსაც იღებდა (საერთოდ, ზალიკო ძალიან მხიარული, საყვარელი და სტუმართმოყვარე გვყავს და საკუთარი სტუდიის დაბადების დღეზე როგორი იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ? ). დაბადების დღეზე მოსვლა, მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი. დაცვა მოსაწვევებს ნომრებს ახევდა და სპეციალურ აკვარიუმში ყრიდა.

ხალხი ნელა-ნელა ავსებდა დარბაზს და თავისუფლად გადაადგილება სულ უფრო ჭირდა. ახალმოსული სტუმრები, ბავშვების ნახატებს ათვალიერებდნენ, შემდეგ სცენის ახლოს გროვდებოდნენ. პატარ-პატარა საინტერესო ამბებიც ხდებოდა, მაგალითად, სტუდიის ერთ-ერთი უმცროსი ასაკის მოსწავლემ, სადღაც გიტარა იშოვა და ბენდთან ავიდა სცენაზე დასაკრავად. მართალია რას უკრავდა არ ისმოდა, მაგრამ თავისი სურვილი აისრულა და კმაყოფილიც ჩანდა.

როდესაც თითქმის ყველა სტუმარი მოვიდა, სცენაზე საღამოს წამყვანი – ვასიკო გამოვიდა (აი, ის ვასიკო, მაგთისგან მერსედესებს რომ ჩუქნის ხალხს). ზალიკოს დაბადების დღეზე, მოსული სტუმრებისთვის ბევრი საინტერესო საჩუქარი იყო მომზადებული.  საჩუქრებს არიგებდნენ : თვითონ სტუდია, TBC ბანკი, ისი-პარი, პროკრედიტ ბანკი, მთაწმინდის პარკი, ინფო-თბილისი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. გარდა ამისა იყო კიდევ ორი განსაკუთრებული საჩუქარი : 1. ზალიკოს ფანქარი  – ზალიკოსგან და 2. პატარა მერსედესი -  ვასიკოსგან. საჩუქრების დარიგება გათამაშებით მოხდა. სწორედ იმ აკვარიუმის საშუალებით, რომელშიც  მოსაწვევების ნომრები იყო თავმოყრილი.

ზალიკოს სტუდიისგან საჩუქრად, გამარჯვებულებმა ზალიკოს მიერ დახატული კარიკატურები მიიღეს (რომლებსაც ზალიკო ადგილზევე ხატავდა).  საინტერესო იყო ბავშვების ყურება გათამაშების დროს. ისინი ძალიან ემოციურად ელოდნენ ყოველი ნომრის გამოცხადებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინფო-თბილისის მიერ დაწესებული საეტიუდე მოლბერტები თამაშდებოდა. გათამაშებებს შორის, ორჯერ, ჩვენმა მეგობარმა მორისმა გვაჩვენა, ვინ არის სალსას ნამდვილი მაესტრო.

დაბადების დღეზე მოსული, ცნობილი სტუმრები, მაშინვე გულშემატკივართა ალყაში მოექცნენ. ყველაზე მეტად, ბავშვებს, სერიალის “შუა ქალაქში”  გმირების დანახვა გაუხარდათ. “დათო”, “დედას ბუშტი” და “ქეთევანი” დაბადების დღის დამთავრებამდე ვერ აუდიოდნენ ხელმოწერების დარიგებასა და ბავშვებთან სურათების გადაღებას.

როდესაც საჩუქრების დარიგება დამთავრდა,  დარბაზში სინათლე ჩაქრა  ანთებული ტორტიც შემოიტანეს “Happy Birthday to you”-ს ფონით. ამავე დროს, როგორც უნდა იყოს ნებისმიერ თავმოყვარე დაბადების დღეზე, ჭერიდან ბრჭყვიალა “ფიფქებმა” დაიწყეს ცვენა. ზალიკომ ტორტი საზეიმო ვითარებაში გაჭრა და შემდეგ მისი სტუმრებისთვის დარიგება დაიწყო.

ლოგიკურად, ყველაფერი აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ… მხიარულება კომპლექსის ეზოში გაგრძელდა. მოძრაობის თეატრის სამმა მსახიობმა ძალიან ეფექტური “ცეცხლოვანი შოუ” დადგა. ძალიან ვეცადე, კადრებში მთლიანად გადმომეცა ამ სანახაობის სილამაზე. რა თქმა უნდა, ბოლომდე ამის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა იმედს ვიტოვებ რომ მაინც მოგეწონებათ.

აი, ასე ჩაიარა ჩვენმა პირველმა იუბილემ. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ ბევრი საიუბილეო თარიღი გვექნება სულ უფრო მეტი მეგობრით, მოსწავლით და საჩუქრებით.